X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე-2022 წელს განხორციელებული პროექტების შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტი 101%-ით შეასრულა

2 ნოემბერი 2023

,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2021 წელს დაწყებული პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით და უწყებების აქტიური მონაწილეობით შერჩეულ მდებარეობებზე, მიმდინარეობდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია და გრძელდება  მომდევნო ეტაპით გათვალისწინებული პროექტების განვითარება“-განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში: რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მოეწყო 100-მდე  პარკი და სკვერი; რეაბილიტირებული და ახალი რეკრეაციული ზონების საერთო ფართობი  40 ჰა-ზე მეტია; რეაბილიტაცია და განახლება ჩაუტარდა 730-ზე მეტ შენობას, რეაბილიტაცია ჩატარდა ენერგოეფექტური კომპონენტის გათვალისწინებით; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აბაშის რკინიგზის სადგურს; პროექტების ფარგლებში, მოეწყო სრულიად ახალი საინჟინრო ქსელები; რეკრეაციული სივრცების სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფისათის, ჯამში,  165,000 კვმ-ზე მოეწყო სანიაღვრე და საირიგაციო სისტემები; მოწესრიგდა 112 000 კვმ ტროტუარი. გრძელდება ურბანული განახლების პროექტები დუშეთში, აბასთუმანში, ველისციხეში და მაღალი ტემპით მიმდინარეობს ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის მიმართულებით საფეხმავლო ბილიკებისა და ტურისტული ქოხების მოწყობის პროექტი.

,,როდესაც ურბანულ განახლებაზე, ქალაქებისა და კურორტების პოტენციალის გაზრდაზე, ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასა და ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს 2023 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ ახალი სახელმწიფო პროგრამა. ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.  პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია შემდეგი მდებარეობები: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, მესტიის  და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, 2023 წლის ბიუჯეტში, 200 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. სამუშაოები რამდენიმე ფაზად განხორციელდება. ამ ეტაპისთვის პროექტი დაწყებულია - ბორჯომში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ბათუმში,  მესტიაში, მცხეთაში ზუგდიდსა  და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, დაგეგმილია  ბაკურიანის არეალზე ტენდერის გამოცხადება“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

2022 წელს განხორციელებული პროექტების შედეგად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტი 101%-ით შეასრულა, ფონდის 2023 წლის სამი კვარტლის ბიუჯეტის შესრულება კი, 104%-ია , რამაც 243,7 ლარი შეადგინა.